მწვანე
ლოოონგ ეგო... უღრანი ტყის პირას, ულამაზეს პატარა ხის მრგვალ სახლში ბევრი პატარა ფანჯრით და ლამაზი მომწვანო ფერებით, ცხოვრობდა ერთი პატარა ჯადოსნური არსება. დიდი ელფისებრი ყურებით, პატარა ლამაზი ცხვირით, რომელზეც ვარკსვლავისებური ჭორფლები ჰქონდა ამონათებული. ეს იყო პატარა ტანის არსება, მწვანე მოკლე თმებით და დიდი ბრიალა მწვანე თვალებით. და გამოიცანით რა ერქვა?
-მწვანე!
პატარა მწვანე ტყის სახლში სულ მარტო ცხოვრობდა, ტყის ბინადრებთან მეგობრობდა,, საკვებად იმარაგებდა კენკრას, სოკოს და მისი საყვარელი საქმიანობა თევზის ჭერა იყო მდინარის პირას.
მწვანე სულ შრომაში იყო. სახლის წინ პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული, სადაც დღის მანძილზე მიწას ამუშავებდა, საკვები მოჰყავდა და ძაალიან ბედნიერად ცხოვრობდა.
ყოველ საღამოს, მის ბაღში უამრავი ცხოველი იკრიბებოდა და სხვადასხვა თამაშებით ირთობდნენ თავს კოცონის ფონზე.
ერთ საღამოსაც, როცა ტყის ბინადრები მწვანეს ესტუმრნენ , შუა თამაშის დროს უცნაური ხმა მოესმათ. ყრუ ღმუილი, ამ შემზარავ ხმაზე ხეებიდან შეშინებული ჩიტები აფრინდნენ და უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. შეეშინდათ მაგრამ არ მიაქციეს ყურადღრება და თამაში განაგრძეს. ცოტა ხანში, ყველას ძილი მოერია და ზუსტად მაშინ, ტყეში წითელმა მანათობელმა სხივმა გაიელვა. ორი დიდი აბრიალებული წითელი თვალი ელვის უსწრაფესად უახლოვდებოდა მათ და შემზარავ ხმებს გამოსცემდა.
სასწრაფოდ ყველანი სახლში შეცვივდნენ და დაიმალნენ.
ბაღიდან უამრავი უცნაური ხმა ისმოდა. გამთენიისას ხმებმა იყუჩა და ნელ-ნელა საერთოდ გაქრა.
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, მწვანემ გადაწყვიტა გარეთ გასულიყო და ენახა რა ხდებოდა. გამოვიდა და რას ხედავს?! მთელი ბაღი თავდაყირაა, ყველა მცენარე ამოთხრილი და საჭმლის მარაგი, რომელიც ზამთრისთვის ჰქონდა გადანახული შესანსლულია... მწვანე ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა ბოროტ არსებაზე შური ეძია, რომელმაც ბაღი გაუნადგურა.
ძალიან შეშინებული ცხოველები დიდი ხანი ვერ გამოდიოდნენ გარეთ, თუმცა როცა მიხვდნენ რომ უკვე უსაფრთხო იყო, შიში დაძლიეს და გამოვიდნენ სახლიდან.
მწვანემ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ ეძიათ შური ბოროტ არსებაზე.
ივარაუდა რომ ის ისევ დაბრუნდებოდა და გადაწყვიტა მისთვის ხაფანგი დაეგო. ტყის ბინადრები მთელი დღე თხრიდნენ ორმოს, რომელსაც დიდი ფოთლები დააფარეს, რომ მხეცი შიგნით ჩავარდნილიყო.
დაღამდა, ყველანი სახლში დაიმალნენ და ეზო საჭმელებით გაავსეს რომ შემოეტყუებინათ ბოროტი არსება.
ცოტა ხანში გაისმა ყრუ ღმუილი, ისეთივე საშიში ხმები ისმოდა ტყიდან, როგორც წინა ღამით და ნელ-ნელა სახლს უახლოვდებოდა. როცა ბოროტი არსება სახლს მოუახლოვდა, ორმო ვერ დაინახა და შიგნით ჩავარდა. მწვანე და მისი მეგობრები სახლიდან გამოვიდნენ და სასწრაფოდ დიდი ჯაჭვის ბადე გადააგეს, რომ ამოსვლა ვერ შეძლებოდა.
გათენებას დაელოდნენ. როგორც კი გათენდა მწვანე შუბით ფრთხილად მივიდა ორმოსთან. და რას ხედავს, ბოროტი ურჩხული ტირის.
- რა გატირებს? - ჰკითხა მწვანემ. (ყველა ტყის არსებას ერთმანეთის ესმის).
მან მაშინვე ამოიცნო არსების წარმომავლობა. ეს იყო 4 მეტრამდე სიგრძის ტყის უძველესი გადაშენების პირას მყოფი შავი არსება, სახელად - მერმოა. რომელსაც დიიდი ხნის წინ ტყის მცველებს ეძახდნენ.
- მერმოამ თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ იყო საუკუნეების მანძილზე დატყვევებული ბოროტი ჯადოქრის მიერ, რომელიც აშიმშილებდა და გამომწყვდეული ჰყავდა დიდ ორმოში. ბოლოს როგორც იქნა შეძლო და გამოექცა ჯადოქარს. ის ძალიან შეეცოდა მწვანეს. მაგრამ ბრაზი მაინც შემორჩენოდა.
ჰკითხა - ჩემი მთელი ზამთრის მარაგი რატომ შეჭამეო?
- 2 საუკუნეზე მეტია საჭმელი არ მიჭამია - მიუგო მერმოამ, სანამ მოვედი დამალულხართ და ვერ დაგინახეთ, არ ვიცოდი ეს ვინმეს საჭმელი თუ იყოო. მაგრამ გამოვასწორებ, მე სწრაფად სირბილი შემიძლია და ძლიერიც ვარ, მოგამარაგებინებთ საკვებს ზამთრისთვისო.
- და კარმიდამო რატომ დაამტვრიეო? - ისევ ეჭვიანად ჰკითხა მწვანემ.
- ეს ჩემს კუდზე მობმული მანათობელი ჯაჭვის დამსახურებაა, რომლითაც ჯადოქარმა დამაბა და რომელსაც ჩემით ვერ ვიშორებო - მიუგო მერმოამ.
მწვანეს ძალიან შეეცოდა მერმოა. ამოუშვა ორმოდან, ტყის ბინადრებმა მანათობელი ჯაჭვისგან გაათავისუფლეს და თავიანთ სამეგობროში მიიღეს. მას შემდეგ მერმოა ტყის ბინადრებს ყველაფერში ეხმარებოდა და მათ იცავდა.
ცხოვრობდნენ ერთად ტკბილად და ბედნიერად. ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა.
მორალი: არასოდეს განვსაჯოთ არავინ თავისი ქმედებით, რადგან არ ვიცით რისგან არის გამოწვეული მისი ეს ქმედება. შეიძლება შევძლოთ მისი გამართლება.შეიძლება მას ცუდი განზრახვა არ აქვს და უბრალოდ უნდა დავეხმაროთ. ასევე, ერთი შეხედვით ცუდი რომ გვგონია, შეიძლება პირიქით, ძალიან კეთილი აღმოჩნდეს.
Comments
Post a Comment