საქმიანი დღე
აბა ახლა რომ ავდგეთ, მეტი დამაჯერებლობისთვის და საქმიანი იმიჯის შესაქმნელად, ასევე სელფების გადასაღებად ინსთაგრამისთვის, მაი დეისთვის და თინდერისთვის, სათვალეები გავიკეთოთ ოფისში. დღის მანძილზე მუდმივად სერიოზული გამომეტყველება გვქონდეს, ეს კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შემოიტანს ჩვენს საქმიან იმიჯში.
რამეს თუ გვკითხავენ, რამდენიმე წამის დაგვიანებით ვუპასუხოთ, ან: "უკაცრავად, მე მითხარით რამე?" , ასევე რამდენიმე წამის დაგვიანებით. თან სახე არ დაგვავიწყდეს, ისეთი უნდა გვქონდეს, ვითომ მოგვაცდინეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, არადა Facebook-ის სქროლვაში ვატარებდით ბოლო 10 წუთს.
ყავა დავიდგათ, ოღონდ ჩვეულებრივი ჭიქის არა, დანარჩენ გოიმ თანამშრომლებს ჰომ სახლიდან დააქვთ ჭიქები თავიანთი სახელის წარწერით ან იდიოტური ნახატებით, რამე სადა მაინც აარჩიონ, ან გარეცხვა არ ეზარებათ? და ნუ, იმათ ხომ არ დავემსგავსებით. სიჩქარეში სადმე გზად შევლილი და ურიგოდ ჩამოსხმული ყავა უნდა გვედგას მაგიდაზე და თან ცოტა შეწუხებული, დაღლილი სახე გვქონდეს, შეწუხებული, ისეთი, თითქოს მაიონეზის სალათი გადაგვასხეს თავზე. მზის სათვალეც ასეთივე სახით მოვიხსნათ და მაგიდაზე დავაგდოთ, ჩავეშვათ ციდან ანგელოზისამებრ სკამზე,რომლიდანაც რაც შეიძლება მალე ადგომაზე ვოცნებობთ მთელი დღის მანძილზე. და ისევ შეწუხებული სახე... გუშინდელი ღამე ხომ მუშაობაში გავატარეთ (არადა გვიანობამდე ვეფლირტავებოდით თინდერზე გაცნობილ ბიჭებს) და გამოუძინებლები ვართ, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა მუშაობა და ჩვენ ვმუშაობდით! ჩვენ ხომ ძალიან საქმიანები ვართ. ეს რამდენჯერმე უნდა ავღნიშნოთ დღის მანძილზე, მეტი დამაჯერებლობისთვის. და ამ დროს მგონი ჩვენს თავებს ვაჯერებთ რომ მართლა ასეა ))
ჰო, სამსახურში მოსვლამდე გზად აუცილებლად უნდა გადავიღოთ ერთი-ორი სელფი შუქნიშანზე და ერთი ორიც სამსახურის ტუალეტში. საქმეს მოვითავებთ და მერე კიდევ უფრო ლამაზად რომ მოგვეჩვენება ჩვენი თავი სარკეში, რამდენიმე სელფი განმეორებით მივცხოთ. ტუალეტში სელფს რა ჯობია, გვერდით უნიტაზის თავი რომ ჩანს, ან რამე სტიკერს დავადებთ და დავფარავთ, არც ესაა პრობლემა.
Comments
Post a Comment