Be Careful What You Wish For

არ ვიცი რამდენად ღირს ამ ისტორიის დაწერა, მაგრამ რაღაც რაოდენობის წლის გასვლის შემდეგ, როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, ან ამ ქვეყნისთვის ხილული აღარ ვიქნები, ალბათ არ შემაწუხებს აქ რა დავწერე, ან არ დავწერე. დიდი ხნის წინ, როცა პატარა ვიყავი, 17-18 წლის, სოფელში ვიყავი დასასვენებლად, ღამე იყო, ჩემს საწოლზე ვიწექი და ფანჯრის მიღმა ცას ვუყურებდი. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო, ხშირია იქ ასეთი ცა. ვარსკვლავები ისეთი რაოდენობითაა ცაზე, წარმოსახვით ნებისმიერი ფიგურის და სურათის დახატვა შეგიძლია. მოკლედ ამ სილამაზეს ვუყურებდი და მენატრებოდა... ძალიან მენატრებოდა, მინდოდა მასაც შეძლებოდა ამ სილამაზის დანახვა, მინდოდა ეს შეგრძნება გაგვეზიარებინა, მაგრამ ჩემგან ძალიან შორს იყო. უცებ გავიფიქრე - ნეტავ ვუყვარდე... გთხოვ, მინდა რომ შემიყვაროს-ხმამაღლა ვთქვი... არ ვიცი ვის ვევედრებოდი... თვალები დავხუჭე, ისევ გავიმეორე, ლოყაზე ცრემლები ჩამომდიოდა ღაპაღუპით და ტირილისგან სუნთქვა მიჭირდა. და მე უბრალოდ ვგრძნობდი როგორ მინდოდა მყოლოდა გვერდით, ვერ ვჩერდებოდი, ისევ ვტიროდი და მერე ჩამეძინა... (ახირება). თვალებდასიებულმა გავიღვიძე, გაურკვეველი შეგრძენებით. ცოტა ხნის შემდეგ, ადამიანს, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ვინმე შეუყვარდებოდა, შევუყვარდი, სიგიჟემდე, თავდავიწყებით, როგორც ამბობენ ხოლმე, მთელი არსებით. ისე, რომ დღემდე არ განელებულა ეს გრძნობა. მე მჯერა, რომ იმ დღეს უპატიებელი რამ ჩავიდინე. მჯერა, რომ სამყარომ, ან რაღაც ძალამ იმ ღამით ჩემი ისმინა და მას ჩემი თავი შეაყვარა. და დაირღვა მოვლენების ბუნებრივად მიმდინარეობის ციკლი, ჩემთვის და მისთვის... და რაღაც აირია... და დიდი ხნის მანძილზე, მეგონა რომ დალაგდა. რეალურად ჩემმა ამ სურვილმა შეცვალა ჩემი და მისი ცხოვრება, გარკვეულწილად ცუდისკენ, დღევანდელი გადმოსახედიდან. სურვილი ახდა, მაგრამ დროებით - მისთვის კი დღემდე გრძელდება. ამ ყველაფრით კი ორივეს ძალიან გვეტკინა. არასოდეს მინატრია, მითხოვია რაიმე იმაზე მეტად, იმაზე გულით, ვიდრე მისი ჩემს მიმართ სიყვარული იყო. ამის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და აღარასდროს, აღარასდროს მინატრია, ან ვინატრებ სხვის სიყვარულს, რომელიც შეიძლება მე არ მეკუთვნის, რომლის ბედიც სხვასთანაა დაკავშირებული, ან სხვისკენ მიმართული, თუნდაც ცალმხრივი იყოს ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მას შემდეგ აღარ მინდა ნატვრით მოსული სიყვარული, რომელიც საბოლოოდ უბედურს ხდის ვინმეს... ეს უნდა იყოს თავისით მოსული, რომელიც შენია, შენ გეკუთვნის, და არა რაიმე ძალის მიერი, გინდ ამას ღმერთი უწოდე,სამყარო, ნათელი, ბნელი... რადგან რაც შენთვის არ შექმნილა, არასდროს იქნება სრულყოფილად შენი. შეიძლება არასწორმა სურვილებმა სიყვარულის ყველა ნაპერწკალი ამოგაცალოს საბოლოოდ რაც შენშია, და სხვისი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს, მაგრამ ეს იმდენი ხნის შემდეგ მოხდეს, რომ ვერც კი მიხვდე რომ ეს ყველაფერი შენი დამსახურებით მოხდა.

Comments

Popular Posts